ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში
გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები ჩაერთვნენ.
ადგილზე გვიან ღამით გაიგზავნა ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები. შექმნილია საგანგებო შტაბი.
ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი, მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.
“მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის კერების დამუშავება. ადგილზე იმყოფება იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის 20-ზე მეტი თანამშრომელი,”-ნათქვამია საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლის, მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.