ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე დეკორატიული
სვეტებისა და ორნამენტების გასაკეთებლად 100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა დამზადდეს ვეფხვის – 8, ფასკუნჯის -16, ყურძნის მტევნების 16 ფიგურა. ასევე ხიდზე დამზადდება 3 ცალი თითბერის დეკორატიული ელემენტები. სულ ხიდზე სამუშაოების ჩასატარებლად 117 ათას 943 ლარია გათვალისწინებული.
რუსთველის ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების მოსაწყობად ტენდერი მიმდინარე წლის 2 აგვისტოსაც გამოცხადდა, თუმცა ტენდერი არ შედგა. 86 ათას 860 ლარად მაშინ სამუშაოების შესრულების სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს.
მეორედ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადბების მიღება 21 ნოემბერს იწყება და 26 ნოემბერს დასრულდება. რუსთაველის ხიდის პროექტის ავტორი გივი თოდაძეა.