ქუთაისში ახალგახსნილი, რეაბილირიტებული
“თეთრი ხიდი” დამატებით შეკეთებას საჭიროებს. მიზეზი მასზე აღმოჩენილი ხარვეზებია. შესაბამისად, გაჩნდა კითხვები ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ქუთაისის მერია ამის საპასუხოდ ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს რომელსაც ხელს კონსტრუქტორი ჯონი ნასარეია აწერს. დასკვნაში წერია:
“თეთრი ხიდი” გასული საუკუნის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში იყო საავტომობილო დანიშნულების და იმის გამო, რომ მხოლოდ ფეხმავალთა გადასასვლელისათვის საპროექტო წინადადება ითვალისწინებს დაზიანებული ლითონკონსტრუქციების დეტალების და მოლქონების აღდგენას, ექსპერტის სათანადო გაანგარიშების საფუძველზე, თეთრ ხიდზე მჭიდროდ თავშეყრილ ადამიანთა ჯგუფისა და მცირე არქიტექტურული ფორმების ბუტაფორიული მოცულობის წონის საერთო სიდიდემ არ უნდა გაადააჭრბოს 600კგ/მ2.
ამდენად, დასახული ღონისძიებებისა და მოთხოვნათა გათვალისწინებით, საპროექტო წინადადების მიხედვით, რეაბილიტაციის შედეგად თეთრი ხიდის მზიდ კონსტრუქციებზე სტატიკური დატვირთვების ზემოქმედება მის კონსტრუციულ მდგრადობაზე უარყოფით შედეგს არ გამოიწვევს.”- წერია დოკუმენტში.
რაც შეეხება ხიდზე აღმოჩენილ ხარვეზებს, დოკუმენტში წერია: ” მდინარე რიონზე ფეხმავალთა გადასასვლელი ხიდის ტექნიკური მდგრადობა ფასდება დადებითად და მის დაზიანებულ სავალ ზედაპირს და ლითონ-კონსტრუციებს სათანადო წესით შეთანხმებული მუშა პროექტის საფუძველზე შესაძლებელია ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები.”
მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია ,,ალმა რუს საქართველომ” ხიდზე არსებითი სამუშაოები უკვე დაასრულა. დარჩენილია ხარვეზების გამოსწორება (ზედაპირის კოსმეტიკური სამუშაოებთან დაკავშირებით) აღნიშნულ ხარვეზებზე კომპანიას მიეთითა პროექტზე ზედამხედველობის სამსახურების მიერ. “სამუშაოებზე ასანაზღაურებელი დარჩა 170 000 ლარი, რომელსაც კომპანია მიიღებს პროექტის სრულყოფილად დასრულების შემდეგ შესაბამისი ჯარიმების გამოქვითვით.” – აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, “თეთრი ხიდი” ქუთაისში 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა.