ქუთაისის მერიაში მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მისულმა ეტლით
მოსარგებლე თამარ ხაჭაპურიძემ სხდომათა დარბაზში შესვლა ვერ შეძლო. მიზეზი მერიის არაადაპტირებული შენობაა. შშმ პირმა მერიის შესასვლელში განთავსებული პანდუსით ისარგებლა, თუმცა, მეორე სართულზე ასვლა, სადაც დარბაზი მდებარეობს, ვეღარ შეძლო.
“შენობაში შევედი, თუმცა, მეორე სართულზე ასვლა უკვე შეუძლებელია. მერიის შენობა მთლიანად უნდა იყოს ადაპტირებული,”-განაცხადა თამარ ხაჭაპურიძემ.
თამარ ხაჭაპურიძე სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში საკუთარი ინიციატივის წარსადგენად მივიდა, რომელიც მან ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული სამოქალაქო ინიციატივების პროექტის ფარგლებში მოამზადა. შშმ პირი მიიჩნევს, რომ ქალაქში კულტურული და სხვადასხვა ტიპის შენობები შშმ პირებზე ადაპტირებული უნდა იყოს.