ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ სამოქალაქო ინიციატივების წარმდგენ მოქალაქეებს მოუსმინა.
მათ საკუთარ იდეებზე საბჭოს წევრებთან ისაუბრეს და საკუთარი პროექტების დეტალებიც განიხილეს, მათ შორის იდეის განხორციელების სავარაუდო ღირებულება.
“განაცხადების გავლა ხდება დეტალურად. არის პროექტები, სადაც ხარჯთაღრიცხვაცაა წარმოდგენილი და არის პროექტები, რომლებიც არასრულია. საკითხებს გავდივართ დეტალურად, რადგან შერჩეულ პროექტებს რეკომენდაცია უნდა გავუწიოთ,”-განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ ნოდარ ჯიქიამ.
საკუთარი ინიციატივა ჯამში 29 მოქალაქემ დააფიქსირა.
“მინდა, გავაკეთო პროექტი, რომელსაც ჰქვია ქუთაისის კულტურული ბილიკი. მისი მიზანია ქუთაისის ისტორიული უბნების შესწავლა და საზოგადოებისათვის გაცნობა. აუცილებელია ქუთაისში არსებული ძველი სახლებისა და უბნების შესწავლა, შენობების აღწერა და რუკის შექმნა, რაც საშუალებას მოგცემს უბნების ტურისტებისათვის გაცნობისა,”-განაცხადა ინიციატივის წარმდგენმა ეკატერინე მარუქაშვილმა.
მრჩეველთა საბჭო რეკომენდაციას სამ ინიციატივას გაუწევს. გამარჯვებული ინიციატივების განსახორციელებლად თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.