საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო.

ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის და თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი. 

კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე – 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

“საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს – ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *