განახლებად ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით ქუთაისში ფორუმი მოეწყო.
შეხვედრაზე ყურადღება 2050 წლისთვის ქუთაისის 100%-ან განახლებად ენერგიის წყაროზე გადასვლას დაეთმო. RICDOG -ის თავმჯდომარის ნუგზარ კოხრეიძის თქმით, მუშაობის პროცესი აქტიურ ფაზაში თვითმმართველობასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ შევიდა. მისივე განმარტებით, მიზნის მიღწევა დამოკიდებულია სურვილსა და დაუღალავ შრომაზე, რომლებიც ნამდვილად გააჩნია პროცესში ჩართულ ყველა მხარეს.
“ქუთაისი არის პირველი ქალაქი კავკასიის ქვეყნებს შორის, რომელმაც 2050 წლისთვის 100% განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის მზადყოფნა გამოაცხადა. ეს კონკრეტული ფორუმიც ამ მიზნისთვის გაიმართა. ფორუმი ძალიან საინტერესო გამოვიდა. ბევრი მიმართულება მოვისმინეთ. მათ შორის ფორუმზე განვიხილეთ უკრაინის წარმატებული მაგალითები. ჩვენ, პროცესში ჩართული ორგანიზაციები, თვითმმართველობასთან ერთად ვაპირებთ მუდმივ რეჟიმში მუშაობას, რადგან მივაღწიოთ დასახულ შედეგს და 2050 წლისთვის ქუთაისი იყოს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე გადასული,”- ამბობს ნუგზარ კოხრეიძე, RICDOG -ის თავმჯდომარე.
ფორუმის განმვალობაში საზოგადოება დეტალურად გაეცნო 100% განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლისა და ამ მხრივ მსოფლიოში არსებულ დადებით მაგალითებს.
“ეს შესაძლებელია და უფრო მარტივია ვიდრე გვეგონა. ეკონომიკურად მომგებიანია. განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება უფრო იაფია და ინვენსტორები ამით უფრო და უფრო ინტერესდებიან. შედეგად იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ყალიბდება ეკონომიკური ახალი სისტემა, ამიტომ ნამდვილად მჯერა, რომ ეს შესაძლებელი იქნება 2050 წლისთვის. არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის გაერთიანება და მონდომებაა საჭირო,” – ამბობს სვიტლანა რომანკო, 350.ორგ-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონული კოორდინატორი.
ფორუმი კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობის 350.ორგ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის” და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.