საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს
მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები შეამოწმეს. შემოწმების შედეგად, უწყებამ ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტები გამოავლინა.
“გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ,”-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.