ადგილობრივ თვითმმართველობას ქუთაისზე ვიდეო ნარკვევების შექმნას სთხოვენ.
საკუთარი იდეა გია დვალიშვილმა მოქალაქეებისათვის შექმნილ თავისუფალი ინიციატივების ვებ-გვერდზე დაარეგისტრირა.
“დიდი სურვილი გვაქვს, შეიქმნას ვიდეო ნარკვევები ქუთაისზე. მათში ასახული იქნება ქალაქის ისტორიის ის ძირითადი ეპიზოდები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქუთაისის გამორჩეულად უნიკალური იერსახის ჩამოყალიბებაში. მონათხრობ სიუჟეტებში მაყურებელი გაეცნობა ქუთაისის იმ უხილავ მხარეს, რომელიც მისი იერსახის მიღმა დგას. ნარკვევები გამიზნული იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის,”-ამბობს იდეის ავტორი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების მიღება დაასრულა. ამ ეტაპზე საკუთარი იდეა 28 მოქალაქემ წარადგინა.
საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით. გამარჯვებული ინიციატივის განსახორციელებლად ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.