“გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 80 %-ით არის გაზრდილი”- აცხადებს ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.
როგორც ლილუაშვილი განმარტავს, ქალაქში შემოსული ტურისტების რაოდენობა გასული წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით, საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც სტატისტიკის გარეშეც მარტივი შესამჩნევია. ამ დროისათვის ცენტრი 14 422 ვიზიტორს მოემსახურა.
მიუხედავად ტურისტთა რაოდენობის ზრდისა, ტურისტებისათვის ქალაქში კვლავ რჩება სხვადასხვა ტიპის პრობლემები, მათ შორისაა სველი წერტილების არარსებობა, ტრანსპორტი და ტურისტული ობიექტების მანიშნებლების ნაკლებობა.
ტურიზმის ცენტრის დირექტორი მომავალი წლის გამოწვევად ტურისტთა რაოდენობის ზრდასა და არსებული მონაცემების გაუმჯობესებას ასახელებს. ტატო ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ მზარდი დინამიკის შესანარჩუნებლად, ქალაქმა სხვადასხვა ნაბიჯი უნდა გადადგას, მათ შორის მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გამოფენებში.
ტურიზმის ცენტრი ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს ტურისტული მარშრუტების შედგენაში, ბილეთების შეძენასა და სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადაჭრაში ეხმარება.