საჩხერის მუნიციპალიტეტის 20–მდე სოფლის მაცხოვრებლებს პროექტის
,,დანერგე მომავალი”-ს ახალი ქვეკომპონენტი გააცნეს. აღნიშნული პროგრამა ,,კენკროვანი კულტურების” განვითარებაზეა ორიენტირებული.
იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია, თითოეულმა გლეხმა აითვისოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები და გააშენოს ბაღები.
,,მე მზად ვარ, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რას მოიცავს ეს პროექტი და რა სარგებელს ნახავენ ის კოოპერატივები თუ პირები, რომლებიც აღნიშნული პროექტით ისარგებლებენ. შეხვედრებზე უკვე გამოიკვეთა კენკროვანი ბაღების გაშენების მსურველები. ვაპირებ, ყველა დაინტერესებულ პირს პირადად შევხვდე და სრული ინფორმაცია მივაწოდო მსგავსი პროგრამების შესახებ, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას”– აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ.
კენკროვანი ბაღების გაშენების მსურველები და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციებს უახლოეს დღეებში აწარმოებენ.
პროექტი ითვალისწინებს ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, გურიის და ნაწილობრივ სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენების ხელშეწყობას.
სამინისტროში განმარტავენ, რომ მის მიზანს წარმოადგენს, დასავლეთ საქართველოში არსებული აუთვისებელი მიწის ფართობების და გავრცელებული დაბალ შემოსავლიანი ერთწლიანი კულტურების გაცილებით მაღალშემოსავლიანი მრავალწლიანი კენკროვანი კულტურებით ჩანაცვლება.
პროექტის ფარგლებში გაშენდება, ლურჯი მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღები.
ჯამში 850 ჰექტარი ახალი კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენებაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებში 1 ეტაპზე დაგეგმილია 7 მილიონ ლარამდე თანადაფინანსება