“დატოვე პარლამენტი ქუთაისში”- ეს იმ სოციალური კამპანიის სლოგანია, რომლისთვისაც ქუთაისის სამოქალქო საზოგადოება ემზადება.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებენ. ქუთაისში ფიქრობენ, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემთხვევაში, საპარლამენტო ქალაქი სტატუსსა და მომავალის განვითარების პერსპექტივას დაკარგავს.
ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა აუცილებელია, რადგან აღნიშნულის გარეშე ქალაქი ვერ გადარჩება და განვითარდება.
“ქუთაისში პარლამენტის არსებობა აუცილებელია ამ ქალაქისათვის, აუცილებელია რეგიონისათვის. ქუთაისს სჭირდება სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქის განვითარება ძალიან ბუნდოვანი რჩება. ქუთაისის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრად ყოფნა იყო ერთადერთი შანსი ამ ქალაქის შემდგომი განვითარებისა,”-განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
მესხიშვილის თეატრის მთავარი ადმინისტრატორი ზეკო ხაჩიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თბილისში გადატანა წარსულში დაბრუნებაა და საკანონმდებლო ორგანომ ფუნქციონირება ქუთაისში უნდა გააგრძელოს.
“ქვეყნის ხვალინდელ განვითარებას არ სჭირდება წარსულში დაბრუნება. ვიწყებთ სოციალურ ქსელებში სრულიად უწყინარ აქტივობას ჰეშთეგით დატოვე პარლამენტი ქუთაისში,”-განაცახადა ზეკო ხაჩიძემ.
სამოქალაქო სექტორს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან აქცია ხვალ აქვთ დაგეგმილი.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო თბილისში საქმიანობას 2019 წლის იანვრიდან დაიწყებს. როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, ქუთაისში მდებარე შენობა უფუნქციოდ არ დარჩება და შენობა შს სამინისტროს გადაეცემა.