ქუთაისის მერიას მანდარიას ქუჩის ფერდობთან და ახალგაზრდობის გამზირზე
სარკინიგზო ხიდთან არსებული კედლების რეაბილიტაციას სთხოვენ. იდეა ქუთაისის მერიის ვებ-გვერდზე მოქალაქე ირაკლი ოდიშარიამ დაარეგისტრირა.
“სასურველია რეაბილიტაციის შემდეგ კედლები მოიხატოს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებით, რითაც გალამაზდება ქალაქის იერსახე, იქნება თვალსაჩინო, სანახაოებრივი და შემეცნებითი,”-ნათქვამია ინიციატივაში.
შეგახსენებთ, რომ საკუთარ ინიციატივებს მოქალაქეები ქუთაისის მერიის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე არეგისტრირებენ. თავისუფალი ინიციატივების კონკურსში სულ 26 ინიციატივა დარეგისტრირდა. საუკეთესო სამ იდეას მერის მრჩეველთა საბჭო გამოავლენს. საბჭო 22 ოქტომბერს ყველა ინიციატივის ავტორს მოუსმენს. გამარჯვებული ინიციატივების განსახორციელებლად თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.