ქუთაისის მერის პორტრეტი, რომელიც იტალიაში ქუთაისელი მხატვრებს ვიზიტის დროს დაიხატა, მედიასივრცეში კვლავ აქტიურად განიხილება.
აღნიშნულს ნამუშევრის ავტორი, ლევან გოგიტაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ბ-ნ გიგა შუშანია, მადლობა გამოხმაურებისთვის. თუ გინდათ სიმართლე გაიგოთ, ჯერ დაიხატა ოცი მხატვარი, ასევე, დავხატე იტალიის ხედები, შემდეგ, პატივის ცემისთვის, დავხატე იტალიის მერი. შემდეგ გავიგეთ, რომ ჩამოდიოდა ქუთაისის მერი და ქვეყანა რომ წარმომეჩინა, გადავწყვიტე, ჩვენი მერიც დამეხატა. იტალიის მერი მყავდა დახატული იქაური ხედებით და, ასევე, მინდოდა წარმომეჩინა ჩვენი ქალაქის საუკეთესო ხედები, რომ მეჩვენებინა მათვის. ეს ყველაფერი იყო სიურპრიზი. იქაური მერი არ აპირებდა მოსვლას, მაგრამ რომ გაიგო მისი პორტრეტი იყო შესრულებული, მოვიდა და დაგვაფასა. იყვნენ ძალიან გახარებულები. ჩვენი მერის წარმოჩენა იყო საქართველოს სახე, პიროვნულად ვინც არ უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება პირადულ დაფინანსებას, ეს არის დიდი სიცრუე. ვარ ოთხი შვილის მამა, რომელიც ვიმყოფებოდი თოთხმეტი წელი ემიგრაციაში. მეოთხე წელია, რაც ჩამოსული ვართ საქართველოში. სახელმწიფოდან არც ფინანსური და არც მორალური მხარდაჭერა არ გვჰონია, პირიქით, ხელის შეშლა იყო ყოველთვის. რას უსმენს ჩემი ყურები, ლამის მთელი მერიის ბიუჯეტი მე მქონია შეჭმული. სირცხვილო, ქუთაისო და საქართველოვ. ცნობისათვის, ბილეთის თანხა მხატვრებმა ჩვენით გადავიხადეთ, მე და ჩემი შვილის მგზავრობა 2500 ლარი დაჯდა. იქ ჩასვლის დროს მასალის თანხაც კი არ გვქონდა. მხატვრების ვალი დღემდე მაქვს 250 ევრო. და სანამ აწი რამეს იტყოდეთ, გაიგეთ სიმართლე და ისე ილაპარაკეთ,”-ნათქვამია მხატვრის პოსტში.
ქუთაისელ მხატვართა ჯგუფი კოზენცაში 26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა და ვორქშოპში იღებდა მონაწილეობას. 16 მხატვრის მიერ ორი კვირის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების ნაწილი კოზენცაში დარჩა და თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოიფინება.