ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსადგურის
მიმდებარე ტერიტორიის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.- ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ძველი საფარის აღება და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 21-ე საუკუნე” ასრულებს. პროექტის ღირებულება კი 267 000 ლარია.
,,ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურულად. ჩვენ მოსახლოებას დავპირდით, რომ ადგილზე ასფალტის საფარს და სანიაღვრე სისტემას მოვაწესრიგებდით და მათთვის აქ გადაადგილება პრობლემა აღარ იქნებოდა.
უკვე დავიწყეთ სამუშაოები, რომელიც ადგილზე გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს. მოასფალტდება ავტოსადგურის არამხოლოდ წინა ნაწილი უკან მიმდებარე ტერიტორიაც,”- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში იგეგემება გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება ავტოსადგურის მთელს ტერიტორიაზე.