თეთრი ხიდის რეაბილიტაციის დასრულების ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია.
როგორც ქუთაისის მერიაში აცახდებენ, მათ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა არ სურთ და კონკრეტული ვადის დასახელება, რომელიც “ალმა რუს საქართველოს” სამუშაოების შესრულებისათვის სჭირდება, რთულდება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ბექა ყურაშვილი განმარტავს, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კომპანია 220 ლარით ჯარიმდება.
“გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, კომპანიას უკვე აქვს დაახლოებით 8 000 ლარი დაწერილი. ორი კვირა ჯარიმის წერა გაჩერდა და დათვლა განახლდა ერთი კვირის წინ. ყოველ გადაცილებულ დღეზე კომპანიას 220 ლარამდე ჯარიმა ერიცხება. არ გვინდა ტყუილი გამოგვივიდეს და ვთქვათ, რომ სექტემბრის ბოლოს დასრულდება სამუშაოები, კომპანიამ კი ეს ვერ მოახერხოს,”-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე ხიდზე ყველაზე შრომატევადი და ღირებული სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სამუშაოს 60%-ია შესრულებული.
ორნამენტებიანი იატაკის დაგების შემდეგ, ხიდზე გამვჭირვალე მინა განთავსდება და დაიდგმება დეკორატიული ქვები.