ასლანიკაშვილის პირველ შესახვევში მცხოვრები 8 ოჯახი

გზის საფარის რეაბილიტაციისა და  გაჭიანურებული სამუშაოების დასრულებას ითხოვს.  ადგილობრივებს წვიმიანი ამინდის დროს ქუჩაზე გადაადგილება უჭირთ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მუშაობაც რთულია. ადგილობრივები პერსონალს ან ამოსვლაში ეხმარებიან ან თავად ჩაჰყავთ პაციენტი ავტომობილთან.

“ვწერთ განცხადებებს და, ალბათ, ეს მერიაში შეტანილი განცხადებები გზაზე რომ დაგვეფინა უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა.  როცა გაწვიმდება ქუჩაში ვერ გამოვდივართ. ვეხმარებით სასწრაფოს, ან ზევით ამოგვყავს, ან ავადმყოფი ჩაგვყავს ქვევით, სხვანაირად არ გამოდის,”-განაცხადა ადგილობრივმა, გია კვიცარიძემ.

რეაბილიტაციის პროცესი ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობასაც მოიცავდა, რომლის მშენებლობაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე თვის დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.

“საყრდენი კედელი სამი თვის განმავლობაში კეთდება, ჯერ ნახევარიც არ გაკეთებულა, რაში სჭირდებათ ამდენი დრო,”-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ასლანიკაშვილის პირველ შესახვევში მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სამუშაოების დასრულების კონკრეტული ვადის დასახელებას ითხოვენ.

“ვისაც არ უნდა დავურეკოთ გვეუბნებიან, ინება, გაკეთდება. გასაგებია, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ როდის დასრულდება,”-ამბობენ ადგილობრივები.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო. პროექტის გაჭიანურება კი მოსახლეობის მოთხოვნებმა გამოიწვია. ადგილობრივებმა გზის მოწესრიგებასთან ერთად სასმელი წყლის საკმარისი წნევით მიწოდება და საყრდენი კედლის მშენებლობა მოითხოვეს.

“ერთ საყრდენ კედელს გზასთან ერთად ვაკეთებთ. ადგილობრივებმა მეორე კედელიც და წყლის პრობლემის მოგვარებაც მოითხოვეს, ამ ყველაფერმა გამოიწვია სამუშაოების გაჭიანურება,”-განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა.

ხიდაშელი სრული სამუშაოების დასრულების ვადებს ვერ ასახელებს, თუმცა, აცხადებს, რომ საყრდენი კედლის მშენებლობა 20 დღეში დასრულდება.

მოსახლეობას  პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი ვეფხია მიქაუტაძეც შეუერთდა. მიქაუტაძე თვითმმართველობას სამუშაოების დროულად დასრულებასა და მოსახლეობის ინფორმირებას სთხოვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *