ახალგაზრდებს ჰაუსმაისტერის პროფესიის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.
ინიციატივა სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნის. პროექტს “ჩემი სახლის მმართველი- ჩემი მომავლის მმართველი” ჰქვია და პირველ ეტაპზე, მასში მონაწილეობას დევნილი ახალგაზრდები მიიღებენ. ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეები საბინაო ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლიან.
“დევნილი ახალგაზრდებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ვგეგმავთ. პროექტი მიზნად ისახავს ჰაუსმაისტერის პროფესიის პოპულარიზაციას. გადამზადების პარალელურად, იგეგმება სასწავლო ვიზიტი გერმანიაში, სადაც მონაწილეები პრაქტიკულად გაეცნობიან იქ არსებულ გამოცდილებას. დაბრუნების შემდეგ, იმედი გვაქვს, დასაქმდებიან ამ მიმართულებით,”-განაცხადა განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა, ლია კილაძემ.
ახალგაზრდები გერმანული მოდელის მიხედვით გადამზადდებიან.
“გვინდა ამ პროექტით ინფორმაცია მივაწოდო და განათლება მივცე ახალგაზრდობას საბინაო ეკონომიკასთან დაკავშირებით. გერმანიაში საბინაო ეკონომიკა ნიშნავს ყველაფერ იმის ერთობლიობას, რაც ბინასთან არის დაკავშირებული: მისი მშენებლობა, კეთილმოწყობა, გათბობა, გაწმენდა, დალაგება, რაც საერთო ჯამში ქმნის ეკონომიკურ სისტემას. დიდ წარმატებებს მივაღწიეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, დანარჩენი დამოკიდებულია თქვენს ქვეყანაზე,”-განაცხადა “ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში” დირექტორმა, იოჰან შთრეზემ.
საპილოტე პროექტში მონაწილეობას 30-მდე დევნილი ახალგაზრდა მიიღებს.