26 აგვისტოს ქუთაისის მერიის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რომ 20 ქუთაისელი მხატვარი იტალიაში, ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ კოზენცაში გაემგზავრა.
მათივე ინფორმაციის თანახმად, იტალიაში სხვადასხვა პლენერი და ვორქშოპი მოეწყობოდა. გამგზავრებამდე მხატვრები ქუთაისის მერმა მიიღო და განაცხადა, რომ მათი შემოქმედება ქვეყნის საზღვრებს უნდა გამცდარიყო.
მხატვრების შესარჩევად მასალები ქუთაისის მერიამ მიიღო. მხატვართა რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელი, იზა ქობულაძე გვიყვება, რომ მათ ქუთაისის მერიაში 25 მხატვრის ნამუშევრების ფოტოები და მოკლე ბიოგრაფიები გაგზავნეს. მხატვართა კავშირმა თანხმობა 19 არტისტზე მიიღო, თუმცა სამმა მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადა.
“იტალიურ მხარესთან კონტაქტი არ გვქონია. არ ვიცით, რის მიხედვით შეარჩიეს. 3-მა მხატვარმა თავად თქვა უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და 16 მათგანი წავიდა,”-განაცხადა იზა ქობულაძემ.
მომდევნო პოსტი მერიის ვებ გვერდზე 9 სექტემბერს გაჩნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ იტალიურმა მხარემ ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას, ვიცე- მერს გიორგი იობაშვილსა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვლასი გარდაფხაძეს უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი სამომავლო ორმხრივ ურთიერთობებზე შედგა და პირობა დაიდო, რომ ქუთაისისა კოზენცას ურთიერთანამშრომლობა უფრო აქტიურ რეჟიმში გაგრძელდებოდა.
დასკვნით გამოფენასა და სამუშაო პროცესის დასრულებაზე ქუთაისის მერია ინფორმაციას 10 სექტემბერს ავრცელებს.
“იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისელმა მხატვრებმა საერთაშორისო პლენერში, Bocs Art მიიღეს მონაწილეობა. დასკვნით გამოფენაზე იტალიის მხარის მიწვევით ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე იმყოფებოდნენ,”-ნათქვამია ინფორმაციაში.
11 სექტემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ქუთაისის მერი საკუთარ პორტრეტს ათვალიერებს.
“იტალიელები აღფრთოვანებული შეხვედრიან ამ ამბავს, დიდი “პატივია”, რომ “მსოფლიო დონის” “სახელმწიფო მოღვაწის” პორტრეტი პირველად ჩვენთან გამოიფინაო,”-წერს შუშანია.
ვიდეოში ქუთაისის მერი პორტრეტს შემდეგი სიტყვებით აფასებს: “დაღლილი, პრობლემებით გაკვირვებული და ბრძოლისთვის შემართებული”.
ვიდეოს გამოხმაურება მოჰყვა, მასალები ადგილობრივმა და ცენტრალურმა ტელევიზიებმა მოამზადეს. მათ შორის იყო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-იც, რომელმაც მერის პორტრეტს რეპორტაჟი მიუძღვნა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასული მასალის შემდეგ, პლენერში მონაწილე მხატვრები ნაწყენნი დარჩნენ. მათ რეპორტაჟის ავტორი სიცრუის ტირაჟირებასა და არაობიექტურობაში დაადანაშაულეს. არტისტები გალერეა “ვარლაში” შეიკრიბნენ და თავიანთი გულისწყვეტა დაასაბუთეს. მხატვრები უარყოფენ რეპორტაჟში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მათი გამგზავრება ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქში ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯებით მოხდა. როგორც თავად აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი დახარჯულა და ყველა ხარჯი მასპინძელმა მხარემ დაფარა. არტისტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა რეპორტაჟის აქცენტი მხოლოდ ერთ ნამუშევარზე, მერის პორტრეტზე. როგორც განმარტავენ, პლენერის ფარგლებში ბევრი ღირებული ნახატი შეიქმნა და მასალაში ეს უკანასკნელიც უნდა წარმოჩენილიყო.
“ჯობდა, ჯერ გადაემოწმებინათ ინფორმაცია და მერე გაეშუქებინათ. დაფინანსება იყო იტალიის მხარის და ჩვენ არც ერთი თეთრი არ გადაგვიხდია. ტყუილი ილაპარაკეს და გამოვედით ვიღაცები, რომლებიც ბიუჯეტში წავიდნენ და მერს დაუხატეს პორტრეტი. ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელშიც ჩვენც გავეხვიეთ,”-განაცხადა მხატვარმა, გიორგი ჭიღლაძემ.
არტისტებმა აღნიშნეს, რომ ქუთაისის მერის პორტრეტი ერთი კონკრეტული მხატვრის მადლობის ნიშნად შეიქმნა, რომელსაც მარტო დარჩენილ უცხო ქალაქში თანაქალაქელის ჩასვლა გაეხარდა. როგორც მხატვრები ამბობენ, მათ ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლის სტუმრობაზეც იმავე რეაქცია ექნებოდათ.
ის ერთი კონკრეტული მხატვარი კი, რომელმაც ქუთაისის მერის პორტრეტი შექმნა, ლევან გოგიტაძეა. გოგიტაძე კოლეგების მოსაზრებებს იზიარებს და პორტრეტის დახატვაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. როგორც თავად გვიყვება, ნამუშევარი გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობის გადახდის მცდელობაა. პორტრეტის ავტორი ამბობს, რომ მან ჯერ ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქის მერის პორტრეტი დახატა და როდესაც ჭიღვარიას ჩამოსვლის შესახებ გაიგო, ნამუშევარი შემდეგ მასაც მიუძღვნა. რაც შეეხება “რუსთავი-2”-ის რეპორტაჟს, მასთან გოგოტაძეს კიდევ რამდენიმე შენიშვნა აქვს. მხატვარი ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ის ჭიღვარიას პოლიტიკურ მოღვაწეობას კი არა, კონკრეტულად აღნიშნულ გამოფენაში შეტანილ წვლილს შეეხებოდა.
“ამოჭრილია კადრები და ჩანს, რომ მე ვამბობ-” საქმე გააკეთა”. ხალხმა იფიქრა, თითქოს მე ვამბობ რომ ქალაქში საქმე გააკეთა. რეალურად, იმ საქმეს ვგულისხმობ, რომ მხატვრები შეკრიბა და წაგვიყვანა,”-განმარტავს ნამუშევრის ავტორი და აღნიშნავს, რომ რეპორტაჟში სხვა ბევრი ფრაზა და კადრიცაა ამოჭრილი.
მხატვრების მსგავსად, ნაწყენი დარჩნენ ქუთაისის მერიაშიც და ტელევიზია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს.
“ტელეკომპანია ,,რუსთვი 2″-ის მცდარი ინფორმაცია და ოპოზიციის მიზანმიმართული მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს მასმედია და მოსახლეობა. 20 ქუთაისელი მხატვარი იტალიის ქალაქ კოზენცაში, იტალიის მხარის სრული დაფინანსებით წავიდა და არც ერთი თეთრი დახარჯულა ქუთაისის ბიუჯეტიდან. ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი მოკვლევა,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სადაო გახდა ის სივრცეც, რომელშიც მხატვარმა მერს მისი პორტრეტი გადასცა. არტისტები ხსნიან, რომ მათ ნამუშევრები იტალიაში, საკუთარ სახელოსნოებში გამოფინეს და ლევან გოგიტაძემ ქალაქის მერებს ნამუშევარი კუთვნილ სივრცეში აჩუქა. რაც შეეხება ერთიან საგამოფენო სივრცეს, როგორც მხატვრები გვიხსნიას, პლენერზე შექმნილი ნამუშევრები ორ ნაწილად გაიყოფა და ქუთაისსა და კოზენცაში გამოიფინება. იტალიელი დამთვალიერებელი პლენერის შედეგებს კოზენცას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხოლო ქუთაისელი “ვარლაში” იხილავს.
მხატვართა საპროტესტო გამოსვლის შემდეგ, მედით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერის პორტრეტს საგამოფენო სივრცეში ქუთაისელებიც იხილავდნენ და შეაფასებდნენ. ინფორმაციას ქუთაისის მერიის მხრიდან რეაგირება მალევე მოჰყვა, როგორც აღმოჩნდა, პორტრეტის ორიგინალის ხილვას მოქალაქეები ვერ შეძლებენ და მასზე დაკვირვება მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით შეეძლებათ.