ქუთაისში შ.პ.ს. “სახლი #1”-ის მშენებარე
კორპუსის 2 სართულის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მერიამ სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო. ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
“2018 წლის 5 აპრილს ზედამხედველობის სამსახურმა იძულებით დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა, ასევე დადგენილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროში გადაიგზავნა მასალები. 19 აპრილს ეს გადაწყვეტილება შპს “სახლი #1″ის მფლობელებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. მათ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვესშ, რაც საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, შესაბამისად შპს “სახლი #1″ის წარმომადგენლებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავის მხრივ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
როგორც ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ განაცხადა კანონის მიხედვით თუ დამრღვევი ნებაყოფლობით არ განახორციელებს დემონტაჟს დაიწყება იძულებით აღსრულება. აღნიშნულზე შედგენილია დემონტაჟის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. გამოცხადებული იყო ელექტრონული ტენდერი დემონტაჟის ჩატარების თაობაზე, რომელიც არ შედგა. ამჟამად მერია განმეორებითი ტენდერის გამოცხადებისთვის ემზადება.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ “სახლი #1” -ის მშენებარე კორპუსზე დამატებით 2 სართულის დაშენებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უარი განცხადა. თუმცა მშენებელობა მაინც განხორციელდა.