30 სექტემბრიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ახალი ტესტები ემატება.
მართვის მოწმობის აღების მსურველებს ძველ საკითხებთან ერთად, ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთების ჩაბარებაც მოუწევთ. ჯამში, საუბარია 51 საკითხზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის 31 აგვისტოს ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. ბრძანებას თან ახლავს დანართები, რომელშიც ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული.
51 ახალი ბილეთი ეკოლოგიის თემატიკაზე იქნება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ცვლილება ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.