სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” ქუთაისში მხატვრულ ექსპოზიციას მოაწყობს.
ექსპოზიცია იმ სამ მოწყობილობას მიეძღვნება, რომლებიც მოქალაქეებმა დააზიანეს.
“თაობათა დიალოგმა” ქუთაისში ენერგიის დამზოგავი ველოსიპედი რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟა, რომლითაც მოქალაქეებს მობილური ტელეფონებისა და გაჯეტების დამუხტვა შეუძლიათ. მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ველოსიპედები განთავსებიდან სამ დღეში დაარბიეს.
“ენერგიის გამომამუშავებელი ველოსიპედები რამდენჯერაც შევაკეთეთ, იმდენჯერვე დაარბიეს. 10 დღის განმავლობაში ყოველ დღე ვაკეთებდით და მაინც დაზიანებული გვხვდებოდა. ისინი დღემდე არ ფუნქციონირებს,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.
“თაობათა დიალოგის” გენერალური მდივანი, კატო მარუქაშვილი განმარტავს, რომ ექსპოზიციაზე სამი პერსონა სამ მოწყობილობას გააცოცხლებს და მათი ენით ისაუბრებს. მისივე თქმით, მოწყობილობები საკუთარ ისტორიასა და მათი შექმნის მიზანზე მოგვიყვებიან.
“გვინდა, ყველა ადამიანს დავანახოთ, რომ საჭიროა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ თითოეულ სიახლეს, რომელსაც ადამიანები ჩუქნიან საკუთარ ქალაქს, სხვა ადამიანებს. ყველა მოწყობილობა ჩვენთვის იყო განკუთვნილი,”-განაცხადა “თაობათა დიალოგის” გენერალურმა მდივანმა, კატო მარუქაშვილმა.
RICDOG -ი მხატვრულ ექსპოზიციას 20 აგვისტოს, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოაწყობს. ასევე, ადგილზე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიების განრიგი :
18:30 – ვიქტორინა ;
18:30 – RICDOG- ის შესახებ ინფორმაციები განთავსდება სტენდზე, სადაც დამსწრეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ორგანიზაციას, მის პროგრამებსა და პროექტებს;
19:30 – ინსტალაცია;
20:00 – მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება Do the Math – The Movie (by 350.org).