იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის
ადმინისტრაციამ ჭუბერში დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. სხვადასხვა სახის არამალფუჭებადი პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები ადგილზე ჩაიტანა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა. გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის განკუთვნილი ტვირთი ჭუბერში, ჰუმანიტარული დახმარების შტაბში განთავსდა და უახლოეს დღეებში დაურიგდება მოსახლეობას.
გრიგოლ დალაქიშვილმა, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან და ვიცე–გუბერნატორთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, ჯულიეტა ცინდელიანის ოჯახი მოინახულა და პროდუქტები მიუტანა.
ჭუბერში მცხოვრებ დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტების შეგროვებაში იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახში მისასვლელად პანელის ხიდით ისარგებლეს, რომლის მშენებლობაც ახლახანს დასრულდა.