“ჩვენ არ ვართ მოძალადეები, მაგრამ
გვინდა კანონის ფარგლებში ჩავსვათ არსებული პრობლემა.”- განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ გარევაჭრობის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით. ქალაქის მერი და მისი მოადგილე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ჭანტურიას ქუჩაზე იმყოფებოდა. ქუჩაზე არ არსებობს ტროტუარი, სადაც ადამიანები თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ. მერმა მოვაჭრეებს განუცხადა, რომ 10 დღის ვადაში დახლები ღობეს უნდა გაუთანაბრდეს და ტროტუარი არ დაფაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია დაჯარიმება და დამატებითი სანქციების გატარება.
“ჩვენ არ ვართ მოძალადეები, მაგრამ გვინდა კანონის ფარგლებში ჩავსვათ არსებული პრობლემა. მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა და ჩვენი სურვილიც არის გარევაჭრობის მოწესრიგება. ამ ტერიტორიაზე აღარ არსებობს სავალი ნაწილი. ვთხოვ გარე მოვაჭრეებს მოაწესრიგონ ტერიტორია კანონით გათვალისწინებული მოთხოვებით. სამტრედია უნდა იყოს სანიმუშო ქალაქი” – განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ.
ჭანტურიასა და ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებულ გარე მოვაჭრეებს ბაზრის ადმინისტრაცია ალტერნატიულ ფართს ბაზარში სთავაზობს. ქალაქის მერის განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცი მზადაა მისი თხოვნით გარემოვაჭრეებზე შეღავათები დააწესოს, თუმცა მოვაჭრეები ალტერნატიული ფართით სარგებლობას აპროტესტებენ.
ქალაქის მერმა მოსახლეობასთან საუბარში აღნიშნა, რომ ერთი პრობლემა არის მოვაჭრეების არაჰიგიენურ გარემოში ყოფნა, მაგრამ მეორე პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობა სწორედ ასეთ პირობებში ყიდულობს პროდუქტს.სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, მერია ჭანტურიას ქუჩაზე პრობლემების დროულად მოგვარებაზე მუშაობს.
წყარო: სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი.