მესხიშვილის თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე მოსკოვის თეატრი წარსდა.
თეატრმა -“ნიკიტინსკის კარიბჭე”, ნოდარ დუმბაძის რომანის – “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”-ს მიხედვით დადგმული, ორმოქმედებიანი კომედია წარადგინა.
დასმა სპექტაკლი ოზურგეთის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ითამაშა.
ფაქტს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს მხრიდან. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მცოცავი ოკუპაციის, ადამიანების გატაცებისა და სიცოცხლის განადგურების ფონზე, მოსკოვის თეატრისათვის მასპინძლობა დაუშვებელია.
“რაც ყველაზე სამარცხვინოა, ამაში ჩართულია კულტურის სამინისტრო და სხვა ცენტრალური თუ ადგილობრივი სტრუქტურები. ღონისძიების მხარდამჭერთა შორის კი სანახევროდ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეთა გადასახადებით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელია.
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია ან გაემიჯნება იმ პროცესს, რაც ქუთაისში რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურებას უკავშირდება და გამოწვევებთან ბრძოლებში უსუსურობას აღიარებს, ან შეუერთდება კულტურის სამინისტროს და ძალაუნებურად აღმოჩნდება მტრის რიგებში, რომელმაც ამჯერად ახალი დესანტი “კულტურისა და ხელოვნების” მუშაკთა სახით გადმოსვა საქართველოში,”-წერია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს განცხადებაში.
ქუთაისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს უარყოფენ.
“ქუთაისის მერიას არანაირი კავშირი არა აქვს მესხიშვილის თეატრში გამართულ სპექტაკლთან. აღნიშნული სპექტაკლი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. მეტ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ,”-განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა თამთა თურმანიძემ.
გასტროლთან დაკავშირებით ყველანაირი კავშირს უარყოფენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.
მესხიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი 8 ივლისს დაიდგა.