ქუთაისის ცენტრალური ბაღი რეაბილიტირდება.
ქუთაისის მერიამ წინადადებების მისაღებად ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები 45 დღეში უნდა შესრულდეს, რაშიც მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩხიკვაძე განმარტავს, რომ დაგეგმილი სამუშაოების შესრულების შემდეგ, ბაღი სრულად რეაბილიტირებული იქნება.
ცენტრალურ ბულვარში ბეტონის დეკორატიული ფილები შეიცვლება და მას სამფეროვანი გრანიტის ქვის იატაკი ჩაანაცვლებს. ასევე, განახლდება ძელსკამები.
“ძელსკამები აღარ იქნება ხაზობრივი განლაგების. განთავსდება ე.წ შეჭრილი ჯიბეების მსგავსად, უფრო სახასიათოდ. სკამებზე განთავსდება გერბი და ლოგო. გარემოს შესაბამისად, ნაგვის ურნებიც შეიცვლება. მსგავსი ძელსკამები მხოლოდ ცენტრალურ ბაღში იქნება,”-განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.
განახლება ელის პარკში არსებულ კაფესაც. შეიცვლება მისი ფასადი. განახლდება პარკში შესასვლელიც, რეაბილიტირდება კოლონადა და ბორდიულები. იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაც.
დასუფთავდება ბაღში არსებული ძეგლები და დამთვალიერებლებს ინფორმაციის მიღება ფირნიშების მეშვეობით შეეძლებათ.
შადრევანი ისტორიულ იერსახეს დაუბრუნდება. გაზონებზე ახალი სხვადასხვა ფერის მცენარეები განთავსდება. გადაიბელება ხეებიც.
ბაღში იმუშავებს უფასო წი-ფი. დამსვენებლებისათვის მუსიკის მოსმენაც იქნება შესაძლებელი.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარს წელს 170 წელი შეუსრულდა. ბაღი ამიერკავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესია.
ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციისათვის სატენდერო წინადადებების მიღება 10 ივლისს დასრულდება.