ახალგაზრდები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ ობიექტამდე მისასვლელი გზის მოწყობას ითხოვენ.
სამცვერას ჩანჩქერი სოფელ ქვედა საზანოში, მდინარე ძუსაზე, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უჩა ლელაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადგილი დიდი პერსპექტივის მქონეა და მისით როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც ინტერესდებიან. ლელაძის თქმით, დღესდღეობით ადგილამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელი და საშიშია.
“გვინდა, ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა და ბილიკი გაკეთდეს ბეტონითა და მოაჯირებით, რადგან უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლონ ადგილობრივებმა და ტურისტებმა გადაადგილება. დღესდღეობით ზესტაფონს მხოლოდ ფეროს ქარხნით იცნობენ. აქ არსებული ლამაზი ადგილების შესახებ არავი იცის. გვინდა, მეტი დაინტერესება წამოვიდეს და ამაში ხელშეწყობა გვჭირდება,”-ამბობს უჩა ლელაძე.
ახალგაზრდებს ადგილზე განათების მოწყობა და საპარკინგე ადგილის გამოყოფაც სურთ, თუმცა მათთვის პირველ ეტაპზე პრიორიტეტს დაახლოებით 200 მეტრის სიგრძის გზის მოწყობა წარმოადგენს.
უჩა ლელაძე გვიყვება, რომ მან ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ჯერ-ჯერობით საკითხზე რეაგირება არ მომხდარა.
მესამე დღეა, რაც ლელაძე გზის მოწყობის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. ჯერ-ჯერობით მას 300-მდე ხელმოწერა აქვს შეგროვებული.
ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ მათთვის წინადადებით არავის მიუმართავს. თვითმმართველობაში განგვიმარტეს, რომ ახალგაზრდების მხრიდან წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პრობლემის მოგვარების შესახებ მოლაპარაკება შესაძლებელია.