მინდია ქავთარაძემ საკუთარი მეურნეობა ფუტკრის რამდენიმე სკით დაიწყო. მეფუტკრეობა შრომატევადი საქმიანობაა, ამიტომ ახალგაზრდა ფერმერმა გადაწყვიტა სხვა მეფუტკრეებს დაკავშირებოდა. ასე შეიქმნა კოოპერატივი “თაფლი საჩინო”. მინდია ქავთარაძე ამბობს, რომ გაერთიანებული ძალებით შესაძლებელია ხარჯების დაზოგვა და მეტი მოგების მიღება. კოოპერატივი ევროკავშირის დახმარებით დანადგარებს აახლებს, ტექნოლოგიას აუმჯობესებს, რაც საშუალებას აძლევთ აწარმოონ ისეთი ხარისხის თაფლი. 2016 წელს კოოპერატივში წყალდიდობის გამო ფუტკრები დაეღუპათ. ევროკავშირმა დახმარება აქაც გაუწიათ.
“წყალდიდობამდე ფუტკრის 2 ათასამდე ოჯახს ვფლობდით . სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით შევიძინეთ მანქანა-დანადგარები, ფუტკრის ცარიელი სკები, ახლა იგივე ოდენობის ფუტკარი გვყავს რაც 2016 წელს და დანადგარები კიდევ უფრო უკეთესი გვაქვს.”
კოოპერატივში გაერთიანებული მეწარმეები გარდა ტექნიკური გადაიარაღებისა პროფესიულ გადამზადების კურსებსაც გადიან. კოოპერატივის წევრები ევროპის 13 ქვეყანაში იმყოფებოდნენ.
“არ გვინდა თანამედროვე მეფუტკრეობას ჩამოვრჩეთ. ვსწავლობთ, ვვითარდებით. ჩვენი მიზანია მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური ოდენობის თაფლი მივიღოთ. ის სტანდარტები, რაც საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკურ რეგლამენტს შეესაბამება დავაკმაყოფილოთ. ევროკავშირში რა სტანდარტებიცაა დანერგილი გვაქვს. ჩანაწერებს ვაკეთებთ და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით.”
“თაფლი საჩინო” ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა პრობლემა რაოდენობაშია. ბაზარზე მცირე ოდენობის თაფლის გაყიდვა უჭირთ, რადგან მუდმივ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფენ. გამოსავალს კი კოოპერატივის გაფართოებაში ხედავენ. მომავალი წლების გეგმაც გაწერილია.
“გვინდა ფუტკარი კიდევ უფრო გავამრავლოთ, განვითარდეთ. 2020 წლსათვის 72 ტონის მოცულობის ჭურჭლების შევსებას ვგეგმავთ.”
იმისათვის, რომ თაფლი ევროსტანდარტებს მუდამ აკმაყოფილებდეს და მომხმარებლებს პროდუქცია უკეთესად შესთავაზონ მეურნეობისათვის სპეციალური შენობის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც მთლიანად აღიჭურვება ტექნიკით, ლაბორატორიით,განთავსდება საწყობები და მინი სასტუმრო ოთახი სტუმრებისათვის. შენობა მოსაწყობად პირდაპირი წესით სახელმწიფოსგან მიიღეს.
“მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს მთავრობასთან. პრემიერმინისტრს შეგვიძლია პირადად დავუკავშირდეთ. ადრე როცა მეწარმეები გრანტებს ღბულობდნენ საქმე ბოლომდე არ მიჰყავდათ. ჩევნ რომ მივიღეთ გრანტი საქმეში გამოვიყენეთ, შეგვამოწმეს და ნდობა მოვიპოვეთ.”
კოოპერატივის ახალი შენობის გახსნა 2 თვეში იგეგმება. წაბლის თაფლის მოსავლის დაწურვას კოოპერატივის წევრები ახალ შენობაში გეგმავენ.