სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში ერთსა
და იმავე პოზიციაზე დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურება ერთმანეითისაგან გაცილებით განსხვავდება. მსოფლიოს მასშტაბით, ქალებს კაცი კოლეგების ხელფასზე 17%-ით ნაკლებს უნაზღაურებენ. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ქალებისა და მამაკაცების შრომის ანაზღაურება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
საქსტატის მონაცემებით, ქალის ანაზღაურება კაცისას თითქმის ყველა სექტორში ჩამორჩება: მაგალითად, თუ საფინანსო საქმიანოაბში ქალის საშუალო ანაზღაურება თვეში 1274 ლარია, კაცის 2924 ლარს შეადგენს. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ქალების ანაზღაურება თვეში საშუალოდ 652 ლარს, ხოლო მამაკაცის – 860 ლარი. განათლების სფეროში ქალები საშუალოდ თვეში 542 ლარი, კაცები კი 641 ლარს ირებენ.
შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცები 62 პროცენტით მეტ ანაზღაურებას იღებენ ვიდრე იმავე პოზიციაზე დასაქმებული ქალები. მსგავსი შემთხვევები როგორც კერძო ისე საჯარო სამსახურებში გვხვდება.
“ამ მხრივ არც საჯარო სექტორია გამონაკლისი. ჩვენ ბოლო შემთხვევა გვქონდა ერთ-ერთ სახელმწიფო მუზეუმში, სადაც დირექტორს ჰყავდა 2 მოადგილე, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი და ქალს ჰქონდა ზუსტად 2-ჯერ ნაკლები ანაზღაურება, ვიდრე მამაკაცს. შესაბამისად ეს ყველგან პრობლემაა.
საჯარო სამსახურში მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივი სარგოები და ანაზღაურების შესახებ კანონი არსებობს და ეს არეგულირებს ხელფასების ოდენობას, მაინც ახერხებენ დანამატების სახით ისე მოახდინონ, რომ ქალებს ნაკლები აუნაზღაურონ, ვიდრე მამაკაცებს.” – ამბობს რაისა ლიპარტელიანი.
შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე პრობლემის უფრო მწვავედ არსებობას მაინც კერძო სექტორში ხედავს. გარდა ამისა საუბრობს შემთხვევებზე, როდესაც ქალები თავად თანხმდებიან გაცილებით დაბალ ანაზღაურებას. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საქართველოში პრობლემის კვლევა ნაკლებად ხდება. საქართველოს მეასე კონვენციის რატიფიცირებიდან გამომდინარე აქვს ვალდებულება, რომ ჰქონდეს მეთოდოლოგია როგორ გაიზომოს ორი ადამიანის მიერ გაწეული შრომა. თუმცა, ჯერჯერობით არც ეს მეთოდოლოგია არსებობს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე საქართველოს თემას სწორედ მეასე კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით განიხილავენ.
“40 ქვეყნის საქმე განიხილება. საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 200-მდე ქვეყანაა და ამ 40 ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო. ეს ფაქტი რათქმაუნდა ცუდია. ქვეყნის საქმე იმიტომ იხილება, რომ იქ არის პრობლემები კონვენციების შესრულების მდგომარეობის თვალსაზრისით. ეს სასიხარულო ნამდვილად არ არის”,- ამბობს რაისა ლიპარტელიანი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე საქართველოს საქმე წელს პირველად არ განიხილება. მაგრამ ქალისა და მამაკაცის შრომითი ანაზღაურების პრობლემას პირველად შეეხებიან. კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთგვარი მექნიზია სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვალოს.