“ჩაგვრის მსხვერპლი ხშირად მჩაგვრელი ხდება”,
“ჩაგვრა არასდროს არის მისაღები”, “გაუწოდე ხელი და არა ფული,”- ამ და სხვა ლოზუნგებით ქუთაისში აქცია გაიმართა.
აღნიშნული აქციით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა შეახსენეს.
გვინდა, საზოგადოებას მოვუწოდოთ, რომ პრობლემა კვლავაც აქტუალურია. მიუსაფარი ბავშვები არ უნდა გვავიწყდებოდეს. ჩვენი საზრუნავი არა მხოლოდ ერთი დღით უნდა შემოიფარგლებოდეს , არამედ უნდა გატარდეს სახელმწიფო პოლიტიკა, რისი მეშვეობითაც ამ ბავშვებს უკეთეს მომავალს მივცემთ,”-განაცხადა “ვორლდ ვიჟენის” იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერმა დავით ჩხობაძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად საკითხის აქტუალურობისა, მიუსაფარ ბავშვთა რაოდენობა ქვეყანაში შემცირებულია.
ჩხობაძე განმარტავს, რომ ამჟამად მიუსაფარ ბავშვთა რაოდენობა 2 000-ს შეადგენს. მისივე თქმით, პრობლემის სიმწვავეს სოციალური პოლიტიკა, გარემო და საზოგადოების დამოკიდებულება განაპირობებს.
“მიუსაფარ და ქუჩაში მომუშავე ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. დღეს წარმოდგენილი ლოზუნგებიც სწორედ იმას მეტყველებს, რომ მათ არა ფულით დახმარება, არამედ თანადგომა სჭირდებათ. გვინდა, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ გავერთიანდეთ, რათა ნაკლები დახმარების მთხოვნელი ბავშვი შეგვხვდეს ქუჩაში,”-განაცხადა თეონა გოგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ12 აპრილი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღეა.