საქართველოში მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია ფუნქციონირებს,
რომლის შემადგენლობაშიც უმეტესად დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები შედიან.
“მწვანილის წარმოება უფრო განვითარებულია ქუთაისის შემოგარენში. ასოციაციაში უმეტესობა დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები არიან,”-განაცხადა საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ემზარ ღვინიანიძემ.
ღვინიანიძის თქმით, ასოციაცია 25-მდე კოოპერატივისა და ამხანაგობის 300-მდე ფერმერს აერთიანებს. როგორც ღვინიანიძე განმარტავს, ასოციაციის მთავარ მიზანს დარგის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების მოძიება წარმოადგენს. ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ფერმერები და სხვადასხვა კოოპერატივები მათ უფრო მეტად გადამზადებისათვის მიმართავენ.
“უმეტესად გვაქვს თხოვნები სხვადასხვა მიმართულებით გადამზადებებისა და სწავლების შესახებ. სხვადასხვა თემებზე ჩავატარეთ ტრენინგები, მათ შორის მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, მავნებლებთან ბრძოლასა და ა.შ,”-განაცხადა ღვინიანიძემ.
ასოციაციის წევრობა უფასოა, რომელშიც გაწევრიანება განაცხადის შევსების საფუძველზეა შესაძლებელი.
აღნიშნული ასოციაცია 2017 წლის 2 ივნისს სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივით შეიქმნა.