არასამთავრობო ორგანიზაციების
ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა “სამართლიანი არჩევნების” ქუთაისის ოფისში. ენჯეო სექტორის წარმომადგენლებმა გასული თვის საქმიანობა და პროექტები შეაჯამეს. ასევე, მომავალ თვეში დაგეგმილი აქტივობების შესახებაც ისაუბრეს.
“2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოვაქვეყნეთ და საზოგადოებას გავაცანით ჩვენ მიერ აღბეჭდილი რეკომენდაციები. ასევე, ჩართული ვართ 28 აპრილის შუალედური არჩევნების მონიტორინგში. ალბათ, კანდიდატები დაიწყებენ წინასაარჩევნო კამპანიას და ჩვენი მუშაობაც მომავალ თვეში უფრო გააქტიურდება,”-განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა თეონა გოგიშვილმა.
ყოველთვიურ შეხვედრებს საჭიროდ მიიჩნევს რეგიონალური ინიციატივების ცენტრის “ნათელი მომავალი”-ს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაზე. შეხვედრაზე ვაჭარაძემ ორგანიზაციის სამი მიმდინარე პროექტის შესახებ ისაუბრა.
“ყოველთვიური შეხვედრები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის იმართება, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა. ვეცნობით ერთმანეთის საქმიანობას და ვიგებთ უახლოესი ერთი თვის გეგმებს. ჩვენს ორგანიზაციას ძალიან წარმატებული თვე ჰქონდა, რადგან რამდენიმე პროექტი დაგვიფინანსეს. ამ ეტაპზე ვახორციელებთ სამ მიმდინარე პროექტს,”-განაცხადა ვაჭარაძემ და განმარტა, რომ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის ტურისტულ ზონაში საპიკნიკე ადგილები მოეწყობა და ხონის ელექტრონული რუკა დაიდგმება.
წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ.
“ჩვენი საქმიანობის გასული თვის ანგარიშებს წარმოვადგენთ. მარტის თვეში ჩვენს ორგანიზაციაში რამდენიმე წარმატებული საქმე დასრულდა. ასევე, გამოვაცხადეთ კონკურსი სტუდენტებისათვის და მივიღეთ იურიდიული დახმარების ცენტრისათვის 22 სტაჟიორი. გარდა ამისა, საია-ს ქუთაისისა და ზესტაფონის მერიებიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მიმართეს,”-განაცხადა გორგიძემ.
ენჯეოების ყოველთვიური შეხვედრა რამდენიმე წელია ეწყობა.