ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციას ქუთაისისა და ზესტაფონის მერიებიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მიმართეს. აღნიშნულის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ განაცხადა.
“ქუთაისის მერიიდან ორმა, ხოლო ზესტაფონიდან სამმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოგვმართა. მიმდინარეობს დოკუმენტაციის სამართლებრივი დამუშავება,”-განმარტა გორგიძემ.
გორგიძის თქმით, თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზები სხვადასხვაა, თუმცა ზოგიერთის შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულებებია დარღვეული. საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ყოფილი თანამშრომლები სარჩელს ქუთაისისა და ზესტაფონის სასამართლოებში შეიტანენ. გორგიძის აზრით, შესაძლებელია, საკითხზე დავა და საქმის წარმატებით დასრულება. დაიცავს თუ არა საია გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს, ორგანიზაციაში სარჩელის მომზადების შემდეგ გადაწყდება.