ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას ქუთაისის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დისკუსიით-“ქალები და მათი უფლებები” შეუერთდა. სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა თამთა ჩეჩელაშვილმა “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ” ანგარიში წარადგინა.
“ანგარიში მზადების პროცესშია, რომელშიც წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები. ასევე, საუბარია თუ რას ნიშნავს ქალთა მიმართ ძალადობა. სტატისტიკა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ შემაშფოთებელია. გვინდა ინფორმაცია მივაწოდოთ ახალგაზრდებს, რათა შეხვედრას პრევენციული ხასიათი ჰქონდეს,”-განაცხადა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელების ქუთაისის წარმომადგენლობის კოორდინატორის მოადგილემ ქეთი ბიბილეიშვილმა.
ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. თარიღის აღნიშვნის მთავარ მიზანს ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლისა და მიღწევების უკან დაბრუნება და ისტორიაში მათი მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრება წარმოადგენს. თარიღის აღნიშვნა ქალთა წვლილის აღიარებასა და წარმოჩენას უწყობს ხელს სხვადასხვა სფეროში: მეცნიერებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჯარო სამსახურში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სპორტსა თუ მედიცინაში.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი რამდენიმე წელია ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს.