ხელნაკეთი სამკაულები და ჩანთები; ქალის სამოსი;
მულინის ძაფითა და ბისერებით ნაქარგი პროდუქცია ქუთაისში, მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფინეს. ჩამოთვლილი აქსესუარების შემქმნელები მეწარმე ქალები არიან, რომლებიც ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ გააერთიანა.
პროექტის ფარგლებში, გამოფენის მოწყობამდე, მეწარმეებს თეორიული ლექციები მარკეტინგზე, მენეჯმენტსა და ფინანსურ დაგეგმარებაზე ჩაუტარდათ.
“პროექტში მონაწილეობა იმერეთის რეგიონიდან 20-მდე ქალმა მიიღო. მარტის თვე ქალთა ისტორიის დღეა და რადგან აქტუალური თემაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გადავწყვიტეთ, მსგავსი ღონისძიება მოგვეწყო. დღევანდელი გამოფენა მათ მიერ შექმნილი პროდუქციის ფართო მასებისათვის გაცნობას ემსახურება,”-განაცხადა ქუთაისის ამერიკული კუთხის კოორდინატორის ინგა ივანეიშვილმა.
ელისო გეგენავა 17 წელზე მეტია ხელნაკეთი ნივთების შექმნითაა დაკავებული. გეგენავა ძირითად აქსესუარებსა და ჩანთებს ქსოვს.
“ვფიქრობ, მსგავსი გამოფენები ხშირად უნდა მოეწყოს და ჩვენნაირმა ადამიანებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ტრენინგების დროს მივხვდი, რომ ჩემს ბიზნესს განვითარება სჭირდება და მე ამისთვის მზაობა უნდა მქონდეს,”-განაცხადა გეგენავამ.
ამერიკული კუთხე პროექტს-“ბიზნესი მაღალ ქუსლებზე” სკაუტურ მოძრაობა “საქართველოს სკაუტებთან” ერთად ახორციელებს.