პირველი ქართველი მილიციელი ქალი ელისაბედ
აზრულემაშვილი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული წერილიდან ვგებულობთ, რომ იგი მანგლისის პოლიციაში მსახურობდა. აზრუმელაშვილს ჩოლოყაშვილის თეთრ ბანდასთან ერთად უბრძოლია. გთავაზობთ სამინისტროს არქივში დაცულ წერილს:
“პირველი მილიციელი ქალი საქართველოში ელისაბედ აზრუმელაშვილი იყო. იგი მანგლისის პოლიციაში 1927 წელს მსახურობდა. აზრუმელაშვილს უფროსი მილიციელის წოდება ჰქონდა და მის პირად შემადგენლობაში 35 კაცი და ერთი მილიციელი ქალი ირიცხებოდა.
მანგლისის მილიცია ცხენოსანი იყო და ერთ-ერთი ცხენი, რა თქმა უნდა, მის განკარგულებაში იყო. იმ დროს მილიცია მუდმივად ყაზარმულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი ნაბრძოლები იყო ჩოლოყაშვილის თეთრ ბანდასთან იმ დროს, როცა იგი თავს დაესხა რაიონის ცენტრში დისლოცირებული სამხედრო სკოლის კურსანტებს.
ჩემი იქ ყოფნის დროს მანგლისის მილიცია არუშანოვის ცხენოსან ბანდასაც ებრძოდა. საგულოსხმოა, რომ ყველა ამ ოპერაციაში თეთრ ცხენზე ამხედრებული ქალი ელისაბედ აზრუმელაშვილი მონაწილეობდა. იგი პარტიის წევრი იყო, ცხოვრობდა მანგლისის რაიონის სოფელ პატარა თონეთში. ელისაბედი იყო თავდაუზოგავი მებრძოლი, ბანდიტებს, სპეკულანტებს და კულაკებს შიშის ზარს სცემდა. მე ყოველთვის მაკვირვებდა და მაოცებდა მისი პირდაპირობა, პრინციპულობა, ყოველგვარი უკანონო გამოვლინებისადმი შეურიგებლობის გრძნობა. როდესაც ელისაბედი შეამჩნევდა, რომ ესა თუ ის საკითხი არასწორად წყდებოდა, მაშინვე მიაქცევდა პარტიული ორგანოების ყურადღებას. ერთ სუსხიან დილას მილიციის შენობის დერეფანში შეიარაღებული ბანდიტი შევამჩნიე, რომლის ძებნაში ბევრი უძილო ღამე გამიტარებია.
როცა ბანდიტმა მოულოდნელობისაგან დაბნეულობა შემამჩნია, მკვახედ მომახალა: მე ელისაბედ აზრუმელაშვილმა მომიყვანა აქაო. ამ დროს ელისაბედიც გამოვიდა დერეფანში და თვალით მანიშნა, არაფერი უთხრაო. ოთახში შესულს ელისაბედიც შემომყვა და მითხრა: ბანდიტი უბრძოლველად ჩამბარდა იმ პირობით, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნოთო.
მე ჩემი ეჭვი გამოვთქვი ასეთის შესაძლებლობაში, რაზედაც ელისაბედმა მიპასუხა, რომ იგი საქმეში მთავრობის წევრებს ჩარევდა და მიცემულ სიტყვას გაამართლებდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან გავარდნილი ბანდიტისათვის, რომელსაც ბევრი ცოდვა ედო კისერზე, პატიების მიღწევა ძნელი საქმე იყო. ამიტომ იგი განვაიარაღეთ და საკანში მოვათავსეთ. ეს ძალიან ეწყინა ელისაბედს, რადგან ჩვენი მოქმედება მისი ავტორიტეტის შელახვად მიიჩნია. მან იმავე საღამოს მიმართა სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ლადო სუხიშვილს და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უფროსს, სიმონ ადამის ძე ხმალაძეს, რომლებიც ამ დროს მანგლისში იყვნენ ჩამოსულები და დამაჯერებლად აუხსნა საქმის გარემოება. თიანეთიდან წამოსულს ახსენდება იგი მთავრობის თავმჯდომარეს – ცხენით გზა გადამიჭრა ბანდიტმა, მას შეეძლო ჩემი ადგილზევე მოკვლა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.
მე გადავწყვიტე, მესაუბრა მასთან და გამეწია აგიტაცია ნებაყოფლობით დანებებაზე. საუბარმა გასჭრა. ის მე მომენდო სიცოცხლის შენარჩუნების პირობით. გთხოვთ, დამეხმაროთ, რათა მიცემული სიტყვა არ გამიცუდდეს, გაუშვით ჩემი თავდებობის ქვეშაო. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ ელისაბედის სურვილი დააკმაყოფილეს. ბანდიტი იმავე დღეს, სტუმრების წასვლამდე გაათავისუფლეს. სამი დღის შემდეგ კი გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნდა წერილი ელისაბედ აზრუმელაშვილზე სათაურით “პირველი ქართველი ქალი მილიციელი საქართველოში”, სადაც მისი ფოტოსურათიც იყო დაბეჭდილი” – წერია სტატიაში, რომელის ავტორიც დ.ქაჯაიაა.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო