“ქუთაისი და ქალთა მოძრაობა”- ამ სახელწოდებით გააერთიანეს
ფემინისტი და ხელოვანი ქალების ისტორიები ქუთაისში, წმ. ნინოს სახელობის #3 სკოლაში.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის ფოიეში ქუთაისის ქალთა გიმნაზიის იმ კურსდამთავრებულთა ისტორიების ამსახველი გამოფენა მოეწყო, რომლებმაც საქართველოში ქალთა მოძრაობის გააქტიურებასა და განათლებისა თუ კულტურის სფეროს განვითარებაში შეიტანეს წვლილი.
როგორც ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის მედიაცენტრის დირექტორმა ქეთევან ბერძენიშვილმა განაცხადა, ღონისძიების მოწყობის ადგილი სიმბოლურია, რადგან ფემინისტურ მოძრაობას საფუძველი სწორედ წმინდა ნინოს გიმნაზიის მოსწავლე ქალებმა დაუდეს.
“უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა ნინოს გიმნაზიაში სწავლობდნენ ქალები, რომლებმაც ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობას დაუდეს საფუძველი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ქუთაისიდან დაიწყო ფემინისტური მოძრაობა. ჩვენ აღვნიშნავთ ქალთა ისტორიების დღეს და გვაქვს წარმოდგენილი იმ ქალების შესახებ ინფორმაციები, რომელთაც საფუძველი დაუდეს ამ მრავალმხრივ მოძრაობას, რომელიც უშუალოდ ქალთა უფლებებს შეეხება. აღსანიშნავია, რომ წმინდა ნინოს გიმნაზიიდან სამი ქალბატონი გახდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის კრების წევრი და სწორედ ეს ქალები არიან მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში,”-განაცხადა ბერძენიშვილმა.
აღნიშნული გამოფენა გენდერის მედიაცენტრისა და ქუთაისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო.