გენდერული თანასწორობის
მხარდასაჭერად ზესტაფონში მსვლელობა მოეწყო.
მუნიციპალიტეტის “ახალგაზრდული პარლამენტის” წევრებმა მოქალაქეების მისამართით მოწოდებების გავრცელება ზესტაფონის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყეს.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სამართლისა და უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერის ქეთევან ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნული აქცია პროექტის-“ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი მხარდასაჭერად” ფარგლებში ეწყობა. მისივე თქმით, საქართველოში ევროკავშირის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაა.
“ევროკავშირი ზესტაფონში აღნიშნავს დედის დღეს და მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ატარებს ღონისძიებას, რომელიც ზესტაფონის მოსახლეობას ეძღვნება,”-განაცხადა ხუციშვილმა.
აქცია-ღონისძიებას მშვილდოსანი, ევროპის თამაშების ვერცხლის მედალოსანი ლაშა ფხაკაძე შეუერთდა.
“მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიო წარმატება შერეულ წყვილებში სწორედ ქალბატონთან ერთად მოვიპოვე. მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ ჩვენს ცხოვრებაში და მათთან ერთად ჩვენ ძლიერები ვართ,”-განაცხადა ფხაკაძემ.
მსვლელობას შეუერთდა ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე. მახათაძის თქმით, მსგავსი აქცია მუნიციპალიტეტში პირველად ტარდება.
აქცია-ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელიც მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში მოეწყო.
მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით კვლავ გაგრძელდება.