2006 წლის პირველ აპრილამდე
გაცემული მართვის მოწმობები 2018 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეიცვალოს.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის თინათინ ბიბილეიშვილის განმარტებით, მართვის მოწმობის შესაცვლელად საჭიროა, რომ მოქალაქე სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მივიდეს. სააგენტოში, პროცედურის ჩასატარებლად, მართვის მოწმობის შეცვლის მსურველებმა ჯანმრთელობის ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და უკვე არსებული მართვის მოწმობა უნდა წარადგინონ.
მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარს შეადგენს. ბიბილეიშვილის განმარტებით, მოქალაქეს, რომელსაც ძველი მართვის მოწმობა დაკარგული აქვს, ახალი მოწმობის მისაღებად 35 ლარის გადახდა მოუწევს.
მოქალაქეებს, რომლებიც პირველ აპრილამდე მართვის მოწმობის შეცვლას ვერ მოახერხებენ, იმავე პროცედურების გავლის შემდგომ, ჯარიმისა და გამოცდის ჩაბარების გარეშე, შეეძლებათ ახალი მოწმობების აღება.
2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები 2018 წლის პირველ აპრილამდე განახლების გარეშე ძალადაკარგულად გამოცხადდება.