ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე სტიგმატიზირებული დაავადებაა.
განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ გააკეთა.
ეპილეფსიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ბაღების გაერთიანების სამედიცინო წარმომადგენლობა და სკოლებში მომუშავე ექიმები ესწრებოდნენ.
გიორგიძის განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა ეპილეფსიის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას, დაავადების პრევენციისა და პირველად და ნაადრევ დიაგნოსტიკაზე მსჯელობას ისახავდა მიზნად. მისივე თქმით, საზოგადოების ინფორმირებულობა ეპილეფსიით დაავადებულთა ტრავმებსა და ნაადრევ გარდაცვალებას შეამცირებს.
“ეპილეფსია, შესაძლოა, ერთჯერადი გულყრით გამოვლინდეს, ამიტომ არ ხდება სამედიცინო დაწესებულებაზე მიმართვა. 2011-2012 წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით კვლევები განხორციელდა და, სავარაუდოდ, საქართველოში ეპილეფსიით 35 000-მდე ადამიანია დაავადებული,”-განაცხადა გიორგიძემ.
ეპილეფსიის საერთაშორისო დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.