ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის კონცერტი “საშობაო ამბავი” გაიმართა.
ღონისძიება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
კონცერტში მონაწილეობა მომღერალმა ნუკრი კაპანაძემ და ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო, ლათინო-ამერიკული ცეკვებისა და ვოკალურმა სტუდიებმა მიიღეს.
“ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდული ცენტრი ყოველწლიურად ამზადებს მსგავს პროექტს. მიუზიკლის ფაბულა ერთ ბიჭზეა, რომელსაც არ სჯერა თოვლის პაპის. ჩვენ კი დავუმტკიცებთ, რომ ლაპლანდიაც და თოვლის პაპაც ნამდვილად მოდის ბავშვებთან,”-განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.
ღონისძიებაზე ნუკრი კაპანაძემ საბავშვო სიმღერები შეასრულა.
“ჩემთვის ქუთაისში სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი გულით ვმღერი. ახალგაზრდებთან ურთიერთობა ყველაზე მთავარია, რადგან მომავალს უნდა უყვარდე, მათ ახალი საზრდო უნდა მისცე,”-განაცხადა კაპანაძემ.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის მსგავს ღონისძიებას მეოთხე წელია აწყობს.