“გაახარე სიცოცხლე – დარგე ქართული სოჭი”
-ქუთაისში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი ჰოლანდიურ-ქართული კომპანია “ფლორა ვესტლენდი” და “ბერი ანდრიას ფონდია”.
გამოფენის ჩატარების მთავარ მიზანს სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დახმარება წარმოადგენს. გარდა ამისა, “ფლორა ვესტლენდის” წარმომადგენლის თქმით, გამოფენა კავკასიური სოჭის პოპულარიზაციასა და ეკოლოგიური საკითხების წამოწევასაც ისახავდა მიზნად.
“კავკასიური სოჭი, ეს არის ქართული, ენდემური ჯიში და გვინდა, რომ ეს სახეობა უფრო და უფრო პოპულარული გახდეს. მცენარეთა ნაწილი სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებსაც გადავეცით, რათა მათ ხეები საკუთარ ეზოებში გაახარონ,”-განმარტა “ფლორა ვესტლენდის” წარმომადგენელმა ირაკლი ავალიანმა.
გამოფენა-გაყიდვაზე “ბერი ანდრიას ფონდმა” ხელნაკეთი აქსესუარები და სათამაშოები წარმოადგინა.
“მადლობას ვუხდით “ფლორა ვესტლენდს” და ირაკლი ავალიანს. აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ჩვენი ბავშვების ხელითაა შექმნილი. შემოსული თანხა “ბედნიერი სახლის” მშენებლობისათვის გადაირიცხება,”-განაცხადა “ბერი ანდრიას ფონდის” დირექტორმა მარინა გიორგობიანმა.
აქციას სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
“საქველმოქმედო აქცია მნიშვნელოვანია, რადგან პატარებს თავიდანვე ვასწავლოთ ბუნების სიყვარული, ვაჩვენოთ, როგორ დაეხმარონ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. ყვავილებიც შევიძინეთ სკოლის ინტერიერისათვის და საჩუქრად ნაძვიც გადმოგვეცა,”-განაცხადა ხათუნა თვალოძემ.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო “ბაგრატი 1003”-ში მოეწყო