ქუთაისის დღის ცენტრის “ჯადოსნური სამყაროს” 28 აღსაზრდელს საახალწლო სურვილები აუსრულდათ.
ბავშვებისათვის საჩუქრები საქველმოქმედო კამპანიის “ბავშვი ბავშვს” ფარგლებში შეგროვდა.
ღონისძიების ორგანიზატორი განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრია.
საჩუქრების გადაცემის ცერემონია თიბისი გალერეაში გაიმართა, სადაც ქუთაისის დღის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობაც შეჯამდა.
“ერთი მხრივ, შევაჯამეთ “ჯადოსნურ სამყაროში” განხორციელებული ღონისძიებები, ხოლო, მეორე მხრივ, მადლობა გვინდოდა გვეთქვა დღის ცენტრის ბენეფიციართა დიდი ქსელისათვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი აქციის მონაწილეები ვიყავით, ჩვენი დღის ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო სურვილები აუსრულდათ,”-განაცხადა განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა.
აღნიშნულ კამპანიაში ბიზნესის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა ინდივიდუალური ჯგუფის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
“ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ორგანიზატორს. მერია მზად არის, რომ ამ ბავშვების მიმართ თანადგომა გამოხატოს,”-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ გიორგი იობაშვილმა.
კამპანია ბავშვთა დაცვის პროგრამის ფარგლებშია ორგანიზებული, რომლის მიზანსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა უფლების დაცვა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.