შპს “პარკინგსერვისი” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას პასუხობს.
“პარკინგსერვისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ფრაქციის წარმომადგენლების მოსაზრებები უსაფუძვლოა, რადგან წინა წლებთან შედარებით მომსახურების ღირებულება ისედაც გაიაფებულია.
“ქუთაისის საკრებულომ პარკირებისათვის წლიურ გადასახადად 40 ლარი დაადგინა, რომელიც 10-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლების გადასახადი. თუ ადრე დღიური გადასახადი 50 თეთრს შეადგენდა, დღეის ანგარიშით -10 თეთრია,”-განაცხადა მირანდა წივწივაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთ განცხადებას, რომ შპს მაღალჩინოსნების ნათესავებს ასაქმებს “პარკინგსერვისში” უარყოფენ. მირანდა წივწივაძე განმარტავს, რომ თანამშრომლების მიღება აკრედიტაციითა და ტესტირების საფუძველზე მიმდინარეობს.
“თუ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შპს ხალხს ასაქმებს, ეს ნამდვილად პოზიტიური ჟესტია ჩვენთვის. ხალხი ნამდვილად საქმდება, თუმცა არა ნეპონიზმით.”პარკინგსერვისში” დასაქმება ხდება ტესტირებითა და აკრედიტაციით,”-განაცხადა წივწივაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ შპს-ს მომსახურების გადასახადის განახევრება მოითხოვა და “პარკინგსერვისი” თანამშრომლების ნეპოტიზმის ნიშნით შერჩევაში დაადანაშაულა.