ქუთაისში ჰაინრიხ ბიოლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
გამოფენას, “ჩარევა სასურველია”, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიებაზე გერმანულენოვანი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები გამოიფინა.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორის ნინო ლეჟავას თქმით, საიუბილეო ღონისძიებები ქუთაისში, თბილისსა და ერევანში იმართება. ასევე, გამოიცემა საიუბილეო კრებული.
“გამოფენილია საარქივო და საგაზეთო მასალები, ამონარიდები ბიოლის გამოსვლებიდან და ნამუშევრებიდან,”-განაცხადა ნინო ლეჟავამ.
ღონისძიების ორგანიზატორია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
“ძალიან მიყვარს ჰაინრიხ ბიოლის შემოქმედება. მოხარული ვარ, რომ გამოფენაზე არა მხოლოდ ფოტოები, არამედ მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის ამსახველი ტექსტებიც ვიხილე,”-განაცხადა მარიამ დანგაძემ.
აღნიშნული გამოფენა 8 დეკემბრამდე გაგრძელდება.