“მწვანე აქტივიზმი უკეთესი საცხოვრებელი გარემოსთვის” – ქუთაისში გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მომხსენებლებმა ქალაქში გამწვანებისა და ეკოლოგიის კუთხით არსებულ პრობლემებზე არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა გარემოსდაცვით საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.
გამწვანების კუთხით ქუთაისში განხორციელებული აქტივობების შესახებ მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატო ბურჯალიანმა ისაუბრა. მისივე თქმით, ქუთაისში გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად მოქალაქეთა მეტი აქტიურობაა საჭირო.
“ყველა ადამიანს სჭირდება ეკოლოგიურად სუფთა გარემო. კომპლექსურად განვიხილეთ პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას. ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად მოქალაქეთა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობაა უცილებელია,”-განაცხადა ბურჯალიანმა.
სტუდენტური მოძრაობა-“მწვანე მუშტის” წარმომადგენელმა ქართულ პოლიტიკაზე მწვანე აქტივიზმის გავლენის შესახებ კვლევა წარმოადგინა.
“ვისაუბრეთ, თუ რა ადგილი უჭირავს პოლიტიკური პარტიების პროგრამებში გამწვანების საკითხებს. მერიის გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებთან კერძო საკუთრებაში მწვანე საფარის დაცვის მიმართულებით გარკვეული შეთანხმება დაიდო,”-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით მოეწყო.