“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” შპს “პარკინგსერვისს” 363,415 ლარის დავალიანების გადაუხდელობაში ადანაშაულებს.
ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორი, ლელა მოწონელიძე განმარტავს, რომ “პარკინგსერვისმა” 2016 წელს ბიუჯეტში დაკისრებული 463 415 ლარის ნაცვლად 266 762 ლარი შეიტანა. მისივე თქმით, აღნიშნული თანხიდან 166 762 ლარი ჯარიმებით მიღებულია, რაც აღნიშნავს იმას, რომ შპს-ს ბიუჯეტში სავალდებულოზე ნაკლები თანხა შეიტანა. ლელა მოწონელიძე აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანია ხელშეკრულების პირობებს არღვევს და ბიუჯეტს აზარალებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კოორდინატორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის მერია მის მიერვე შექმნილ შპს-ს მფარველობს. მოწონელიძე ამბობს, რომ შპს-ს შექმნამდე მერიამ პარკირების ადგილების იჯარით გასაცემად ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა და მისმა ღირებულებამ 660 000 ლარი შეადგინა. მოწონელიძე განმარტავს, რომ ტენდერები ჩაიშალა და ქალაქის მერიამ მის მიერვე შექმნილ შპს-ს ქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლება მხოლოდ 460, 715 ლარად მისცა. ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული ხარჯების ასანაზღაურებლად 300 000 ლარი გამოუყო.
“პარკინგსერვისში” აცხადებენ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ახალი მონაცემები არ გამოუთხოვია და დასკვნები მხოლოდ და მხოლოდ 2016 წელს მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზეა გამოტანილი.
“პარკინგსერვისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მირანდა წივწივაძე ამბობს, რომ შპს-მ 2016 წელს ბიუჯეტში, გარდა ჯარიმებიდან შესული თანხისა, 100 000 ლარი შეიტანა. რაც შეეხება დარჩენილ თანხას, წივწივაძე განმარტავს, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დავალიანება ნაწილობრივ დაიფარება. წივწივაძე თანხის ეტაპობრივ დაფარვაში ხელშეკრულების პირობების დარღვევას ვერ ხედავს.
ქუთაისში “პარკინგსერვისმა” ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო.