ძლიერმა წვიმამ იმერეთს
პრობლემები შეუქმნა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტბში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. უამინდობამ თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირის მიმდებარედ ქათმების ფერმა გაანადგურა. განადგურებულია ინფრასტრუქტურა და დაიხოცა ფრინველი.
ზარალის დათვლა მიმდინარეობს ქუთაისშიც. ზარალის დათვლის შემდეგ მიღებენ გადაწყვეტილებას დაზარალებული ოჯახების დახმარების შესახებ. სტიქიის გამო ქუთაისის საჯარო სკოლებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესი განახლდა.
ხარაგაულის რაიონში ძლიერი ნალექის შედეგად მდინარე ჩხირიმელა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მაღრაძის თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება.
იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურის განმარტებით, სამუშაო პროცესები მუნიციპალიტეტებში ამ დრომდე გრძელდება.