ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენა და დადგენა მიზნად ისახავს აღნიშნულ საჭიროებებზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ინფორმირებას,

რათა მათი მხრიდან მოხდეს ქალთა საჭიროებების საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინება, არჩევის შემთხვევაში კი ამ საჭიროებებსა და პრობლემებზე მუშაობა. 2017 წლის 3 გვისტოდან – 20 სექტემბრის პერიოდში „ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის“  ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირების და დადგენის მიზნით, საქართველოს 8 რეგიონში ჩაატარა შეხვედრები და დისკუსიები.

 

შეხვედრებზე გამოყენებული იყო პირდაპირი ინტერვიუს, დისკუსიის და ჯგუფური ინტერვიუს მეთოდები. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა ადამიანმა. მოკვლევის არეალი იყო  საქართველოს 8 რეგიონის 4  თვითმმართველი ქალაქი (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი); გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, გორის, ახალციხის, ოზურგეთის, ქედას, შუახევის, ხულოს,  თელავის  მუნიციპალიტეტები.

შეხვედრებს ხელმძღვანელობდნენ ჟურნალისტთა ქსელის წარმომადგენელები და გენდერის მედია ცენტრების დირექტორები, რომლებიც ასევე ახდენდნენ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ქალთა საჭიროებებზე, ქალთა უფლებებზე და ქალების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ქალთა საჭიროებების შესახებ პოლიტიკური პარტიების ცნობიერების, დამოკიდებულებებების, საარჩევნო პროგრამებში ქალთა საკითხების გაცნობის  მიზნით პროექტის საწყის ეტაპზე, განხორციელდა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში,  არჩევნებამდე 2 თვით ადრე პარტიებს საარჩევნო პროგრამები არ ჰქონდათ მზად და ქალთა საჭიროებების შესახებაც არ გააჩნდათ ანალიზი მომზადებული.

ქალთა საჭიროებების გამოვლენა მოხდა სხვადასხვა ტიპის 72 შეხვედრის საფუძველზე. მათ შორის:

  1. შშმ პირთა, შშმ ქალთა  და დევნილთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით გაიმართა 20-მდე შეხვედრა  შშმ პირთა  და დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, გაერთიანებებთან, უშუალოდ შშმ პირებთან და დევნილებთან;
  2. ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების საჭიროებების გამოვლენის მიზნით  გაიმართა  50 შეხვედრა (20 შეხვედრა ქალებთან და 30 შეხვედრა კაცებთან) გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრები  კაცებთან გაიმართა ჩაიხანებში; ქალებთან – მინდვრებში, წყაროებზე;
  3. ბოშური თემის წარმომადგენლების საჭიროებების დადგენის მიზნით გაიმართა ორი შეხვედრა: გარდაბნის მუნიციპალიტეტში „ნოეს დასახლებაში“ და თბილისში გუდარეხის ქუჩაზე კომპაქტურად მცხოვრებ ბოშებთან.

შეხვედრები/დისკუსიები გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

 

ძირითადი მიგნებები

ქალაქი ქუთაისი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ქუთაისელი ქალები შემდეგ საჭიროებებზე საუბრობენ:

  • მუნიციპალური ტრანპორტის დანიშვნა: ქუთაისელ ქალთა პრობლემები დაკავშირებულია, როგორც შრომით უფლებებთან, ასევე ქალაქის გაუმართავ ინფრასტრუქტურასთან.  ერთ-ერთი ქალის თქმით, მას სამსახურზე უარის თქმა იმის გამო მოუხდა, რომ საღამოს საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო შინ დაბრუნება პრობლემას წარმოადგენდა.
  • ქუთაისელი სტუდენტები ითხოვენ სტუდენტური ბარათის შემოღებას. ქალების განცხადებით, ქუთაისელი სტუდენტები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან, თუნდაც თბილისელ ახალგაზრდებთან შედარებით, სადაც სტუდენტები სარგებლობენ ფასდაკლების სისტემით, ქუთაისში კი მსგავსი რამ არ არსებობს, რადგან ქალაქში არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი.
  • დედებს განსაკუთრებით სჭირდებათ საცხოვრებელ კორპუსებთან სპორტული მოედნების გაკეთება; სკოლების რაოდენობის გაზრდა; კულტურული დასვენების ადგილების  შექმნა   (მაგალითად, ამხანაგობებთან ერთად, თანადაფინანსების პრინციპით   მინი კაფეების, ან მცირე ბიბლიოთეკების ამოქმედება, სადაც ქალები შეძლებენ  ერთმანეთთან სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას, ღონისძიებების მოწყობას).
  • ქუთაისელი გოგონები ქუთაისის მერიის იმ   საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებში ჩართვას ითხოვენ, რომლებიც გოგონების ლიდერული უნარების გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული.
  • ქალებს სურვილი აქვთ მეტად ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგში, განსაკუთრებით ბიუჯეტის განაწილება-ხარჯვის პროცესში;   მოხდეს ქალების შრომითი უფლებების დაცვა და მრავალშვილიანი დედებისთვის შრომითი შეღავათების დაწესება;
    • ქუთაისში მცხოვრები შშმ პირები წლებია ერთსა და იმავე პრობლემაზე საუბრობენ, ეს არის ადაპტირებული ავტობუსი, რომელიც ძალიან სჭირდებათ გადაადგილების შეზღუდვის მქონე ადამიანებს. არის შემთხვევები, როცა ადაპტირებული ტრანსპორტის არ არსებობის გამო, სამსახურისთვის თავის დანებება მოუწიათ, რადგანაც, ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას.
    • საჭიროებაა სარეაბილიტაციო ცენტრის  21 წელს ზევით ბენეფიციარებისთვის (სახელმწიფო მხოლოდ 18 წლამდე შშმ პირების რეაბილიტაციას აფინანსებს). შშმ პირები თვითმმართველობას ამ მიმართულებით სოციალური პროექტების შექმნას სთხოვენ.
    • შშმ ბავშვების მშობლები ითხოვენ ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას განათლების ყველა ეტაპზე – ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი; სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნა და ადაპტირებულ გარემოს – ქალაქი, სკვერები, პარკები, გასართობი ცენტრები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თეატრი, ბიბლიოთეკა და ა.შ.;
    • დევნილები, რომლებიც 25-წელზე მეტია ქუთაისსა და წყალტუბოში სასტუმროების და სანატორიუმების ყოფილ შენობებში ცხოვრობენ, მძიმე პირობებზე საუბრობენ.  წყალწითელას პანსიონატის ერთ-ერთ საცხოვრებელში (შენობა ხუთ სართულიანია) არ არის წყალი, გაზი და მოუწესრიგებელია კანალიზაცია. პანსიონატიდან მოშორებით მდებარე ჭიდან უწევთ ყოველდღიურად ათეულობით ლიტრი წყლის ზიდვა. გარდა ამისა მოუწესრიგებელია გზა, რაც უფრო ართულებს მდგომარეობას. დაზიანებულია შენობის სახურავი, რომლის შეკეთებას წლებია ითხოვენ. ქალები ბავშვებისთვის სათამაშო და სპორტული მოედნების გაკეთებას ითხოვენ;
    • წყალტუბოს სანატორიუმ „წყალტუბოში“  20-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი პირობებიც გაუსაძლისია. ქალების უმრავლესობა უმუშევარი და სოციალურად დაუცველია. ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობენ. ქალების განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსი იმდენად ამორტიზებულია, რომ კედლები იშლება. მიუხედავად არა ერთი თხოვნისა, მათ არავინ აქცევთ ყურადღებას.
    • სასტუმრო „მეტალურგშიც“  იგივე მდგომარეობაში ცხოვრობენ ქალები და ბავშვები.  მათ არაერთხელ მიმართეს სამინისტროს და სხვა სტუქტურებს დახმარებისთვის, თუმცა მდგომარეობა უცვლელია.
    • დევნილი ქალები სოციალური პროგრამებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმუწვდომლობაზე საუბრობენ.
    • პრობლემაა შვილებისთვის განათლების მიცემაც, რადგან   ვერ იხდიან სწავლის გადასახადს.   ხშირია შემთხვევები, როცა სტუდენტს იმის გამო, რომ ვერ შეძლო გადასახადის გადახდა, სტატუსი შეუჩერეს.

კვლევის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ https://uploadfiles.io/5ze6t

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *