ქუთაისში ეკატერინე გაბაშვილის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას
ითხოვს. წლებია მოსახლეობას მოუწესრიგებელი გზის საფარი აწუხებს. მათი თქმით, ყევლაზე ცოტა 3 წელია რაც პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევთ.
“მოგმართავთ ეკატერინე გაბაშვილის ქუჩის მოსახლეობის სახელით, იქნებ ჩვენი ქუჩის პრობლემაც გააშუქოთ, რათა უკეთ დავანახოთ ქუთაისის მერს და ყველა პასუხისმგებელ პირს აღნიშნული საშინელი მდგომარეობა… ვიცით, რომ წელს არ იგეგმება ქუჩის რეაბილიტაცია, სამწუხაროდ არამგონია წვიმების სეზონს გავუძლოთ ასეთ მდგომარეობაში… იქნებ რაიმე სახსრები გამოიძებნოს”, – წერია რადიო “ძველი ქალაქისათვის” გამოგზავნილ წერილში.
მოქალაქეებმა მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს. 2016 წელს გაგზავნილ მოთხოვნაზე ასე უპასუხეს:
ეკატერინე გაბაშვილის ქუჩის მცხოვრები ივეტა შალამბერიძე ამბობს, რომ პირადად 3 წელია შეაქვს განცხადება მერიაში.
“3 წელია მე პირადად შემაქვს კოლექტიური განცხადება მერიაში. ახლა პირად საუბარში მითხრეს, რომ ჯერ კანალიზაციის გაკეთებას ვგეგმავთ გორაზე და გზას სადღაც 2019 წელს დავაგებთო”, – ამბობს ივეტა შალამბერიძე.
რადიო “ძველ ქალაქს” მერიაში განუცხადეს, რომ ქუჩის პროექტი უკვე არსებობს, თუმცა კანალიზაციის ქსელის მოწყობამდე გზის საფარის მოწყობა ვერ მოხერხდება. საკანალიზაციო ქსელის მასშტაბური პროექტის განხორცილება კი 2018 წელს იგეგმება.